15.01.12.
გაჩერებული გემისა და თურქმენეთის დღევანდელობისა
ფოტო აქედან >>>
ეს მოხდა 1994 წელს. აშხაბადიდან შინ, თბილისს ვბრუნდებოდი ჩემი ავტოთი. უნდა ჩავსულიყავ ჯერ კასპიისპირა ქ. თურქმენბაშის, იქ ავტო შემეგდო უზარმაზარ ბორანზე (რომელზეც 2 ეშელონი, 120 ვაგონი ეტევა), ჩამომეცურა ბაქომდე და იქიდან - თბილისისკენ ჰერი! ჰერი!
ქ. თურქმენბაშში ჩასულს ბორანი ("პარომი") ზღვაში 5-ოდე წუთის გასული დამხვდა. შემდეგი მცურავისთვის ამ ღმერთისგან და ეშმაკისგან დავიწყებულ ქალაქში 48 საათი უნდა მელოდა. უკვე ნაცადმა მივაშურე პორტის მილიციის სოროს. მილიციას თურქმენისტანში ღმერთის ადგილიც უკავია, ეშმაკისაც და ხელისუფლებისაც. დამხვდა კინკრიხოზე დაუდევრად კარტუზშეგდებული ხეპრე კაპიტანი. (ოოო! კაპიტანი თურქმენისტანში - ერთობ სერიოზულია!) ვუხსნი, ასე და ასე, გენაცვალე, 5 წუთი დამაგვიანდა და ამიტომ ნუ დამღუპავ-მეთქი. ასწია ვიწრო თვალის ზემოთ წარბი, ამხედ-დამხედა, ივარაუდა, რისი გადამხდელი ვარ და მეუბნება: 50$ გახლავს შენი დაღუპვისგან მხსნელი უებარი წამალიო. ინშალლაჰ! მაქვს ერთი ტილიანი 100-დოლარიანი. გავქანდი დასახურდავებლად. (ამასობაში გემი კასპიის ტალღებს მიაპობს). ვხედავ, იმ დაწყევლილ "პარომს" რამდენიმე ათეული თურქული "ფურა" ჩამოუზიდია. დგანან კილომეტრიან მწკრივში. ვაბრახუნებ ერთი კაბინის კარზე. არ იღება. (ღამის 1-ლი საათია). ვაბრახუნებ ისევ. გამოიხედა ბოლოს ფანჯარაში მქშინავმა და შიშველმა თურქის შოფერმა. თურმე პორტის რუს კახპას ჟიმავს, რაღა... აგერ მეთქი, აგერ, ეფენდი, 100-დოლარიანი დამიხურდავე-მეთქი. ჩაიბურტყუნა რაღაც თურქულად, მომაწოდა ორი 50-იანი და მომიშორა თავიდან. გავქანდი უკან სოროში, კარტუზიანთან. აიღო (მგონი) ტელეფონი (მაშინ მობილური უცხო ხილია), დარეკა სადღაც, ორი-სამი დაიყეფა და მომიბრუნდა: ახლა წადი, არაყი მოიტანეო. რა არაყი-მეთქი? გემი რომ გაჩერდეს და პორტში დაბრუნდეს, საათზე მეტი უნდაო. მანამდე ასე კუდამოძუებულები ხომ არ ვისხდებითო?! მაშალლაჰ! ვიყიდე ღამის დუქანში არაყი, ლიმონათი "ბურატინო", ძეხვი და პური. დავუძმობილდი გელდის (იგივე ამანგელდის, კარტუზიან კაპიტანს). რა შემოსძახა თურქმენული სიმღერა და რა ბანი მივეცი, მოგვადგა კიდეც "ზადნით" "პარომი". (გახდა 3 საათი). გამოეფინა 2 გემბანზე რამდენიმე ასეული "პასაჟირი" - რა ხდებაო?! გამიღეს 5-სართულიანი სახლისხელა კარები-ფრთები და შევაგორე საზეიმოდ ჩემი 2-კარიანი "პატრული" ურჩხულის ფაშვში. გელდი მაცილებს, გულში მიკრავს და ჯიგარზე არაყნარევ ცრემლს მაფრქვევს...
მას მერე სატრაბახოდ დამრჩა, ზღვაში გემი გამიჩერებია-მეთქი!!!
ეს იყო 16-17 წლის წინ. ხოლო დღევანდელი თურქმენისტანისას იამბობს ნორმალურობაში იშვიათი მოსკოვური ჟურნალი The New Times. >>>