28.02.12.
შეძრწუნდი შენი თავის გამო
რეჟისორი ანდრონ კონჩალოვსკი თანამედროვე რუსეთის შესახებ
შეძრწუნდი შენი თავის გამო
რეჟისორი ანდრონ კონჩალოვსკი თანამედროვე რუსეთის შესახებ
—მოსახლეობის კლების აბსოლუტური მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში
1-ლ ადგილზეა.
1-ლ ადგილზეა.
—მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით რუსეთს უკავია 160-ე ადგილი მსოფლიოში, ჩამორჩება რა ბანგლადეშს.
— არყისგან ყოველწლიურად რუსეთში 70 000 ადამიანი იხოცება.
— რუსეთს მსოფლიოში 1-ლი ადგილი უკავია მიტოვებული ბავშვების რიცხვის მიხედვით.
— Transparency International-ის გამოკვლევაში რუსეთი, კორუფციის მიხედვით, 178 ქვეყანას შორის 154-ე ადგილზეა.
წინამდებარე სტატია Коммерсантъ Власть-ში გამოქვეყნდა. გთავაზობთ მის თარგმანს შემოკლებით.
მე უკვე დიდი ხანია ჩამწერეს თავისი ხალხის მოძულე რუსოფობეში. ეს სიბრიყვეა, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსოფობი შეიძლება დავარქვათ ჩეხოვსაც, გორკისაც, გერცენსაც, ჩაადაევსაც - დიდ რუსებს, რომელთაც რუსეთის გაღვიძება უნდოდათ, და არა საკუთარ უბედურებაში დადანაშაულებულის ძებნა.
რუსი ხალხი მიცვალებული არ არის, რომ მასზე მხოლოდ კარგი ილაპარაკო. ეს ცოცხალი, ძალ-ღონით სავსე, ნიჭიერი ხალხია, რომელსაც, უბრალოდ, ჯერ არ გაუვლია თავისი ისტორიული გზა, რომელიც აყვავებისკენ და თითოეული პიროვნების წარმატებისკენ მიდის. ასე რომ, ვისაუბრებთ საზარელი რუსული რეალობის შესახებ. ხოლო ვისაც საკუთარი თავის შესახებ სასიამოვნოს მოსმენა სურს, დაე, წაიკითხოს პრეზიდენტ მედვედევის გამოსვლები, ან აფანასიევის ზღაპრები.
დღეს მინდა შეგახსენოთ რამდენიმე თავზარდამცემი ციფრი და ფაქტი, რაც ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთი, მრავალი მაჩვენებლის მიხედვით, არა თუ ევროპისგან, აზიისგანაც შორსაა - კორუფციის დონით, სიცოცხლის ხანგრძლივობით, მეცნიერებაში ჩადებული ინვესტიციების დონით და ა. შ. ჩვენ აფრიკაში ვართ! მეტსაც ვიტყვი: ასეთი შედარება ჩვენ კი არ უნდა გვეწყინოს, აფრიკელებს უნდა ეწყინოთ! იმათ ხომ თავისი ჩამორჩენილობის ახსნა გააჩნიათ: იმათ ოთხი საუკუნის განმავლობაში დაუნდობელ ექპლუატაციას უწევდნენ და ანადგურებდნენ რასისტები და კოლონიზატორები. ხოლო ჩვენ, რუსებს, ბოლო სამი საუკუნის მანძილზე ვინ გვეკოლონიზატორებოდა, ვინ გვღუპავდა? თვითონ ჩავდიოდით ამას.
ჩვენ ხშირად იგნორირებას ვუწევთ სტატისტიკას, ხოლო მშრალი ციფრების საფუძველზე ძნელია, გონებით მოიცვა რეალობა. მაგრამ მასშტაბები ტრაგედიისა, რომელიც ახლა თამაშდება რუსეთის ტერიტორიაზე იმდენად კრიტიკულია, რომ მოგიწოდებთ, ყურადღება მოიკრიბოთ.
†სიკვდილიანობა რუსეთში.
—უკანასკნელი 20 წლის მანძილზე რუსეთში 7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი ბრაზილიისა და თურქეთისას 50%-ით, აღემატება, ევროპისას - რამდენჯერმე.
—ყოველწლიურად რუსეთი კარგავს იმდენ მოსახლეობას, რამდენიც რიცხობრივად უტოლდება ფსკოვის ოლქს (область) ან მსხვილ ქალაქს, ვთქვათ, კრასნოდარს.
—თვითმკვლელობების, მოწამვლების, მკვლელობების და უბედური შემთხვევების რაოდენობა რუსეთში უტოლდება სიკვდილიანობის დონეს ანგოლასა და ბურუნდიში.
—მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით რუსეთს უკავია 160-ე ადგილი მსოფლიოში, ჩამორჩება რა ბანგლადეშს.
—მოსახლეობის კლების აბსოლუტური მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში 1-ლ ადგილზეა.
—გაეროს შეფასებით, რუსეთის მოსახლეობა 2025 წლისთვის 140 მილიონიდან 121-135 მილიონამდე დაიკლებს.
†ციფრები, რომელიც რუსეთში ოჯახის კრიზისს ასახავს.
— მოხუცთა სახლების ათიდან რვა ბინადარს ჰყავს ნათესავები, რომელთაც მათი მოვლა-პატრონობა შეუძლიათ. ამის მიუხედავად მათ მაინც თავშესაფრებში აგზავნიან.
— ჩვენში 2-დან 5 მილიონამდე უპატრონო ბავშვია. (მეორე მსოფლიო ომის მერე მათი რაოდენობა 700 000 იყო). ჩინეთში 1,4 მილიარდიან მოსახლეობაზე მხოლოდ 200 000 უპატრონოა, ანუ 100-ჯერ ნაკლები. აი, რას ნიშნავს ბავშვი ჩინელისთვის! არადა, მოხუცებზე და ბავშვებზე ზრუნვა ხომ ერის აყვავების საფუძველია?!
— ბავშვთა სახლებში მყოფ 370 000 უწლოვანთა 80%-ს ცოცხალი მშობლები ჰყავთ. მაგრამ მათ სახელმწიფო ინახავს.
— ჩვენ მსოფლიოში 1-ლი ადგილი გვიკავია მიტოვებული ბავშვების რიცხვის მიხედვით.
ყველა ეს ციფრი ადასტურებს ქვეყანაში ოჯახის ეროზიის პრობლემას.
†დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ.
— რუს. ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტის 2010 წ. მონაცემების მიხედვით, 100 000 უწლოვანი გახდა დანაშაულის მსხვერპლი, მათ შორის 1700 გააუპატიურეს და მოკლეს. (ამ ციფრებით ჩვენ თვით სამხ. აფრიკას გავასწარით).
— ეს ნიშნავს, რომ ყოველდღე რუსეთში 4-5 ბავშვს კლავენ.
— 2010 წ. რუსეთში ჩადენილია 9 500 სექსუალური დანაშაული არასრულწლოვანთა მიმართ; მათგან - 2600 გაუპატიურება, 3600 არაძალადობრივი სქესობრივი კავშირი. (8 წლის განმავლობაში სექსუალურ დანაშაულებათა რიცხვი 20-ჯერ გაიზარდა). ამ მხრივ ჩვენ მხოლოდ სამხ. აფრიკა გვისწრებს.
†ნარკომანია და ალკოჰოლიზმი.
— ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად ყოველწლიურად რუსეთის 30 000 მოქალაქე იღუპება (პატარა ქალაქის მოსახლეობა).
— არყისგან ყოველწლიურად 70 000 ადამიანი იხოცება. ავღანეთში - 14 000.
— ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქე წელიწადში, საშუალოდ, 15 ლიტრ სუფთა სპირტს სვამს. ამასთან, ადამიანის მიერ წლიურად 8 ლიტრი სპირტის მოხმარება საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს.
†კორუფცია.
— მექრთამეობის მოცულობა რუსეთში გაათმაგდა, ხოლო ჩვენი ოლიგარქების დავა ლონდონის სასამართლოში მსოფლიოს ბიზნეს-საზოგადოებისთვის ცირკად იქცა. დაუსჯელობის სინდრომი სამართლებრივ სფეროში იქამდე მივიდა, რომ ციხეში დაღუპული მაგნიტსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ევროპაში მსგავსი ინციდენტი უკანასკნელად XVII ს-ში მოხდა.
— Transparency International-ის გამოკვლევაში რუსეთი, კორუფციის მიხედვით, 178 ქვეყანას შორის 154-ე ადგილზე ჩაეშვა. ჩვენ გვერდით არიან გვინეა-ბისაუ და კენია.
წარმოდგენილი ციფრების შუქზე თამამად შეიძლება საუბარი ეროვნული ზნეობის დაცემაზე, ხოლო, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ჩვენი ხელისუფლებაა.
ახლა კი - იცით თუ არა, რომ:
 ბოლო 10 წლის განმავლობაში ციმბირში გაქრა 11 000 სოფელი და 290 ქალაქი;
 ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მოსახლეობის საშ. სიმჭიდროვეა 2 ადამიანი 1 კვ./კმ.-ზე.
 მოსახლეობის საშ. სიმჭიდროვე 1 კვ./კმ.-ზე ცენტრ. რუსეთში 46 ადამიანს შეადგენს.
 ჩინეთის მოსახლეობის საშ. სიმჭიდროვე 1 კვ./კმ.-ზე 140 ადამიანს შეადგენს.
 იაპონიის მოსახლეობის საშ. სიმჭიდროვე 1 კვ./კმ.-ზე 338 ადამიანს შეადგენს.
ვისთვის ვიპყრობდით და ვავითარებდით ციმბირს და კურილებს? საღად თუ ვიმსჯელებთ - ჩინელებისთვის და იაპონელებისთვის.
ბუნებრივი და წყლის რესურსებით ასეთი მდიდარი ქვეყნისთვის სამარცხვინოა, მოსახლეობის 505-ზე მეტი რომ ღატაკი იყოს.
მოტანილი ციფრები თავზარს მცემს. დარწმუნებული ვარ, პუტინმა ყველა ფაქტი იცის. საინტერესოა, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით?
რაც არ უნდა რაგიკულად ჟღერდეს, ვფიქრობ, რომ ცხადია - ეს ჯერ კიდევ არ არის ზღვარი, ყველაზე უარესი; ჩვენ ჯერ კიდევ არ შევხებივართ ფსკერს და ხალხი ჯერ კიდევ არ მომწიფებულა საკუთარი თავის გამო შეძრწუნებისთვის, რათა ბოლოსდაბოლოს მოიკრიბოს სიმხნევე და იკითხოს: "სად ვხოვრობთ?" ჩვენ ყნოსვა შევაჩვიეთ სადარბაზოების და საპირფარეშოების სიმყრალეს. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენს ირგვლივ კლავენ. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ადამიანები ჩვენში, სოფლად და ქალაქად, საკუთარი სიცოცხლისთვის, პირდაპირი გაგებით, იბრძვიან.
და ვფიქრობ: ნუთუ ნახევარი ერი უნდა გაწყდეს და რუსები ურალამდე მივიწროვდნენ, რათა ხალხმა (ვიმეორებ, ხალხმა და არა მოაზროვნე ადამიანთა ციცქნა ჯგუფფმა) გაიღვიძოს და მოსთხოვოს ხელისუფლებას არა სასიამოვნო, დამამშვიდებელი ახალი ამბები და მორიგი დაპირებები, არამედ სიმართლე და პირველ ყოვლისა, იმის აღიარება, თუ რა სავალალო მდგომარეობაა ახლა.
დღეს რუსეთი ისეთ დემოგრაფიულ და მორალურ კატასტროფას უახლოვდება, როგორიც არასოდეს გამოუცდია. ორიგინალი